ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაამატებს.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.
ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით - სამშაბათს - 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
„Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს. ჰერაკლიონი - თბილისი ავიაკომპანია Sky Express-ისთვის ახალი მიმართულებაა“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284.858-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 29%-ით აღემატება 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220.776).
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, Sky Express და Wizz Air-ი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.