თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად, 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება, ნათქვამია ალიანსის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ბრიფინგზე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გააცნო.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
„ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია. ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ალიანსის მიზნები:
მოქალაქეებთან პირდაპირი და პირადი კომუნიკაცია;
„ქართული ოცნების" პროპაგანდის განეიტრალება;
საზოგადოებაში არსებული „ბრაზის, პროტესტისა და ცვლილების სურვილის, რომელიც უკვე წლებია არსებობს", რეალურ პოლიტიკურ ქმედებებად გარდაქმნა;
შიშის დამარცხება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა;
პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რადგანაც „ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით".
„ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ „ოპოზიციის ალიანსს" არ შეუერთდნენ პარტიები „გახარია საქართველოსთვის" და ლელო - საქართველოსთვის"