არაფერი გამოუვათ: დეპუტატი „ოპოზიციის ალიანსის“ გეგმებზე

ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი და ამიტომ დაამთხვიეს თავიანთი, თითქოსდა, „გამარჯვება“ 26 მაისს, თუმცა, ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიაზე საუბრისას.
„ოპოზიციის ალიანსმა“ 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება.
„ბოლომდე არიან განულებულები, გამარგინალებულები. აბსოლუტურად დაკარგული აქვთ ნდობა ჩვენს საზოგადოებაში. ერთმანეთს თუ ატყუებენ და ამხნევებენ, გააგრძელონ „სახლობანას“ თამაში, მათი უფლებაა. არაფერი შანსი არ აქვთ. რაც უფრო დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო რწმუნდება ჩვენი პოლიტიკის სისწორეში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
ალიანსის მიზნებია მოქალაქეებთან პირდაპირი და პირადი კომუნიკაცია; „ქართული ოცნების" პროპაგანდის განეიტრალება; საზოგადოებაში არსებული „ბრაზის, პროტესტისა და ცვლილების სურვილის, რომელიც უკვე წლებია არსებობს", რეალურ პოლიტიკურ ქმედებებად გარდაქმნა; შიშის დამარცხება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა და პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რადგანაც „ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით".
აღსანიშნავია, რომ „ოპოზიციის ალიანსს" არ შეუერთდნენ პარტიები „გახარია საქართველოსთვის" და ლელო - საქართველოსთვის"