„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თანამდებობა გუშინ, 30 მარტს დატოვა
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას წარადგენს, ნათქვამია უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იქნა მიღებული.
ფრაქციამ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის პოსტზე უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.
ცოტნე ანანიძის კანდიდატურის წარდგენა უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თანამდებობა გუშინ, 30 მარტს დატოვა - იგი გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს.
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.