თბილისი, 30 მარტი — Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა, ამის თაობაზე განცხადება გაბაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგზე გაბაიძემ მადლობა გადაუხადა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებს თანამშრომლებს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
ამასთან, გაბაიძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას თანამდებობის დატოვება აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობის გამო მოუწია.
„დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და გუნდთანაც მქონდა კონსულტაციები. უკვე არასრული ათი წელია, რაც ვხელმძღვანელობდი უმაღლეს საბჭოს და ვფიქრობ, საჭიროა ცვლილებები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გუნდთან კავშირს, კარგად გახსოვთ, მე მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა გაბაიძემ.
დავით გაბაიძე გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს. მისი თქმით, აქვს სხვა შეთავაზებები, რომლებსაც ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე მოიაზრება.
აღსანიშნავია, რომ დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.