1-ელი აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემის წესები იცვლება

გასული წლის ოქტომბრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - ახალი წესი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.
ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს ხუთი დღის მარაგი.
ამასთან, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.
"დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია", – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ცვლილება მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას.
"ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა.
მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი პაციენტზე გაცემა დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული რეაგირება.
გასული წლის 1-ელი ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს.