თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მოსკოვი მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შესაბამისი პირობების შესაქმნელად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
როგორც ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვაშინგტონი უკრაინის კონფლიქტის შესაძლო მოგვარების საკითხს უახლოვდება. ჟურნალისტებმა პესკოვს კითხვა დაუსვეს ამ მოსაზრებას იზიარებენ თუ არა კრემლში.
„ჩვენ მივესალმებით ამერიკული მხარის ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფისკენ“.
პრესმდივნის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე კონტაქტები გრძელდება, მოსკოვი იღებს ინფორმაციას კიევთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
„არსებული არხებით ამერიკელებთან კონტაქტი ნარჩუნდება. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება“, — აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინის კრიზისი მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას. მისი თქმით, ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს ალასკის სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს, რაც მოიცავს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების — კონფლიქტის პირველწყაროების — აღმოფხვრას.