მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: ანასტასია გუბანოვა ფინალში იასპარეზებს

ტურნირი, რომელიც ოთხშაბათს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნა, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან პირველმა ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა.
ტურნირი, რომელიც დღეს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნა, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
გუბანოვამ ქალთა შორის მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა - ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად.
მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეექვსე ადგილზეა. პირველ ორ პოზიციაზე იაპონელები არიან: კაორი საკამოტო (79,31 ქულა) და მონე ჩიბა (78,45). მესამეა ამერიკელი ამბერ გლენი – 72,65 ქულა.
ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 27 მარტს წარმოადგენს.
ჩემპიონატის პირველ დღეს გუბანოვას გარდა, ყინულზე სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით გამოვლენ.
მსოფლიო ჩემპიონატში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს - ტურნირზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგა: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).
მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი:
25 მარტი
14:30 - ქალები, მოკლე პროგრამა – ანასტასია გუბანოვა;
21:45 - სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;
26 მარტი
14:30 - მამაკაცები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:15 - სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;
27 მარტი
14:30 - სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;
21:00 - ქალები, თავისუფალი პროგარამა – ანასტასია გუბანოვა;
28 მარტი
15:30 - მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:30 - სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;
29 მარტი
16:30 - საჩვენებელი პროგრამა.
პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოციფურავეებისთვის თებერვალში მილანის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების წევრები - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.