თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სომხეთი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში მონაწილეობს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი ხელს უწყობს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის უფრო პოზიტიური გარემოს შექმნას“, - აღნიშნა მან.
კოსტანიანის თქმით, ერევანი დაინტერესებულია ბრიუსელსა და თბილისს შორის დიალოგის ნორმალიზებით და მისი „კონსტრუქციულ ორბიტაზე“ დაბრუნებით.
„ამ მიმართულებით ჩვენ ასევე ვაწარმოებთ გარკვეულ სამუშაოს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ფაქტობრივი გაყინვა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებად რჩება.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.