თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:
ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.
დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დაკრძალავენ.
სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება, წირვა ტარდება, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ტაძარში ღვთისმსახურებას მრევლი არ ესწრება, ადგილზე მხოლოდ მთავრობის წევრები და 40-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსახლეობას საშუალება აქვს ქალაქის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაასვენებენ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.
დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.