ილია მეორის დაკრძალვას აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა დაესწრება

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა
Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
გაფონოვას აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ - აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ცერემონიაში მონაწილეობას დელეგაციასთან ერთად მიიღებს.
მანამდე, დღეს დილით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საქართველოში ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.
ასევე საქართველოში ჩამოვიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.