საქართველოში აპრილიდან განახლებული აგრარული პროგრამები ამოქმედდება

სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 8%-ით იზრდება აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო აპრილიდან ფერმერებისთვის განახლებულ აგრარულ პროგრამებს იწყებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი არის ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს აგრარული სექტორის მდგომარეობისა და დინამიკის ყოვლისმომცველ შეფასებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ზუსტი ანალიზი გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
„ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კარდინალური ცვლილებებით. აპრილიდან ჩვენი ფერმერებისა და დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის გამოცხადდება სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისებრივად ახალი მიმართულებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აგრობიზნესი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებას, სოფლის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„სწორედ ამიტომ დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, განვითარდა გადამმუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა და გაიზარდა ინვესტიციები სექტორში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ გაჯანსაღებას ქვეყანაში“, - აღნიშნა სინღულაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 8%-ით იზრდება აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება.
2025 წელს ამ მაჩვენებელმა 18 მილიარდი ლარი შეადგინა. მნიშვნელოვნად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიც. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, აღნიშნა მინისტრმა.
„საქართველოში აგროპროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შინამეურნეობებში იწარმოება, სადაც პროდუქტიულობა ჩამორჩება თანამედროვე კომერციულ წარმოებას. პროდუქტიულობის ზრდა კი შეუძლებელია ტექნოლოგიების და შესაბამისი ცოდნის გარეშე“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი პროგრამები იქნება შედეგზე და პროდუქტიულობაზე ორიენტირებული, აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემებით თანმხლები, ცოდნის გაძლიერებაზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც სრულად იქნება მორგებული ფერმერების საჭიროებებზე.
სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვეყანა მიწის მესაკუთრეთა მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სექტორის განვითარებაზე და ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის 27 მარტიდან ხორციელდება.