თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს ქრისტიანული გზა თანამედროვე სამყაროში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლის მთავარი თემები კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების საერთაშორისო კონფერენციაზე (CPAC).
უნგრეთის დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენციას 51 ქვეყნიდან 667 სტუმარი ესწრება. მთავრობის მეთაური ბუდაპეშტში ჩავიდა საქართველოში გლოვის ფონზე - ქვეყანაში 17 მარტს გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ემშვიდობებიან.
„ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი; ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა, აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტად ყალიბდება კონფლიქტებით, საქართველომ განსხვავებული გზა აირჩია.
„ჩვენ გვწამს დაკავშირებადობის და თანამშრომლობის; არ გვწამს დაპირისპირების. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნა მაშინაც კი, როცა მსოფლიო დაქუცმაცებულია. ის სტაბილურობა, რომელსაც საქართველო დღეს ფლობს, შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული მდგრადობის ზრდაში.
მისი თქმით, გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
„ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს. საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ქართული საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად, ამას ეყრდნობა საქართველოს გზა ევროპისკენ.
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც წელს აღნიშნავს მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
ქართული ეკლესია და ზოგიერთი მკვლევარი თანხმდება, რომ ქრისტიანობა ქართლის სამეფოში სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.
1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, გააუქმა საპატრიარქოს მმართველობა და ქართული ეკლესია ეგზარქატის უფლებით რუსეთის ეკლესიის სინოდს, დაუქვემდებარა. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ცნობილი საეკლესიო მოღვაწე კირიონ II პირველ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
1990 წელს, მე-5 საუკუნიდან არსებული ქართული ავტოკეფალური ეკლესია მსოფლიო საპატრიარქომ დაამტკიცა.