თბილისი, 20 მარტი - Sputnik. თუ ნავთობის ფასები წინა დონეს არ დაუბრუნდება, ეს 1-1,5 თვეში პროდუქციის ფასებზე გავლენას მოახდენს, განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა რიჟამაძემ.
2026 წლის მარტში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო დეფიციტის შიშის ფონზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და გარკვეულ დღეებში 1 ბარელის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. თუ მიწოდების სფეროში სერიოზული შეფერხებები გაგრძელდება, ზოგიერთი ანალიტიკოსი ფასების გაცილებით მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს, ბარელზე 180-200 დოლარამდე, მაგრამ ეს სცენარი ამჟამად ექსტრემალურად და არა საბაზისოდ მიიჩნევა.
„საწვავის გაძვირებას თან ახლავს საერთაშორისო გადაზიდვების გაძვირებაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გარკვეული ტვირთბრუნვა უკვე პრობლემურია. საწვავის ფასის ზრდასთან ერთად იზრდება შიდა ლოგისტიკური მომსახურების ხარჯიც, რომელიც კომპანიებს პროდუქციის განაწილებისთვის სჭირდებათ. ამ ეტაპზე, ხარჯების ზრდის მიუხედავად, საბოლოო ფასებში ეს ცვლილება სრულად ასახული არ არის“, - განაცხადა რიჟამაძემ BMG-ს მედიაპლატფორმაზე.
მისი თქმით, თუ ნავთობის გაძვირების პროცესი მოკლევადიანი იქნება, კომპანიები შეეცდებიან ფასები მინიმალურად გაზარდონ ან საერთოდ არ ასახონ ეს ცვლილება მომხმარებელზე.
„თუმცა თუ ტენდენცია გაგრძელდა და პროგრესირებადი გახდა, საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებაზე ეს აუცილებლად აისახება“, - აღნიშნა რიჟამაძემ.
თუ ბაზარზე დასტაბილურება არ დაიწყება, შესაძლებელია, რომ საბოლოო პროდუქტებზე ფასების ზრდა 1–1.5 თვის შუალედში ეტაპობრივად აისახოს, განაცხადა რიჟამაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით იყო ნავარაუდევი, რომ 2026 წელს ინფლაცია, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა და 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდებოდა.
თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაცია, ანუ 2025 წლის თებერვალთან შედარებით, 4,6%-ს გაუტოლდა.