თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბათუმში სპეცოპერაციის დროს დაშავებული 68 წლის თამარ მიქელაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო, განუცხადა პროკურორმა ლაშა ლოლუამ ჟურნალისტებს.
აჭარაში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 72 პირი დააკავეს. მედიის ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 68 წლის ქალი, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ხვიჩა დუმბაძის დედაა.
დაშავებული ქალი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მას სამართალდამცველებმა ფეხის არეში ესროლეს და ითხოვდა ექსპერტიზის ჩატარებას. მან იმ დღესვე მიმართა კლინიკას, თუმცა იმავე დღეს გაწერეს. მოგვიანებით, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მდგომარეობა დამძიმდა და თამარ მიქელაძე დღეს, 19 მარტს, „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს.
"აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. თამარ მიქელაძეს გასროლის შედეგად არ აქვს მიყენებული (ჭრილობა - რედ.), მას აღენიშნება ზედაპირული ნაკაწრები, არ არის მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად. გამოძიება მიმდინარეობს, უნდა დადასტურდეს რა მოხდა, რა ვითარებაში მოხდა", - განაცხადა ლააშა ლოლუამ.
სპეცოპერაციის დროს ქალის დაჭრის ფაქტი შს მინისტრმა გელა გელაძემაც არ დაადასტურა, როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ქალი ფანჯრის მინის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია.