დედოფლისწყაროში ოთხი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს 17 წელი მიესაჯა

Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კახეთში ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 23 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა დაზარალებულების მიმართულებით. სროლის შედეგად ოთხმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, რომლებიც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ. სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.