თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს,93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს. პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოში დანიის, პოლონეთისა და ნიდერლანების ელჩებმა.
„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – დაწერა დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა.
როგორც პოლონეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია მეორე სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ.
„თბილისში პოლონეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ერს მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მისმა უწმინდესობამ მშვიდად განისვენოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პატრიარქის გარდაცვალების გამო ქართველ ერს მიუსამძიმრა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მშვიდობით განისვენოს“, – დაწერა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მელინე არაკელიანმა.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. ყველა სახელმწიფო უწყების შემობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, ამის შესახებ საპატრიარქოში განაცხადეს.
უწყების ცნობით, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადაც გაიმართება პატრიარქის პანაშვიდები. საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.
საქართველოს პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყოს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებდა ამ დროს.
24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.