თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რჩება ძალიან რთული და მეტად საყურადღებო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად ღამით გაუარესდა, ის კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭიდან სისხლდენით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება.
„ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი“, - განაცხადა მინისტრმა.
პატრიარქი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მინისტრის თქმით, სისხლდენის შეჩერება მოხერხდა.
„მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ, ასე ვთქვათ, წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც იყო სისხლდენა, შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ წუთს. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა სამედიცინო მანიპუალაციები და მოხერხდა რომ გაჩერებულიყო სისხლდენა“, - განაცხადა მინისტრმა.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ დროს.
24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.