თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში"იმედის კვირა".
სამიტი, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით, ვაშინგტონში 24-25 მარტს გაიმართება.
"ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა, ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად გვეჩქარება, აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
მელანია ტრამპის სამიტი
ღონისძიება ვაშინგტონში 24-25 მარტს არის დაგეგმილი. დასასწრებად მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედები. განხილული იქნება ბავშვების, განათლებისა და სოციალური პროგრამების თემები. ეს დაკავშირებულია მელანიას ინიციატივასთან, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, (მათ შორის პროექტს Fostering the Future („მომავლის ხელშეწყობა“).