თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ასევე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება ორი წლის ვადით.
გარდა ამისა, მიქაუტაძეს ჩამოერთმევა შემდეგი ქონება: ესპანეთში არსებული 120 კვ ბინა, ასევე წეროვანში არსებული სახლი, რომლის ფართია 1.200 კვადრატი, ავტომობილები, "ნახიდურ ჰესის" 15%-იანი წილი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ძვირად ღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით 21 ივნისს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წინა სასამართლო პროცესზე რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მზად არის "აღიაროს არარსებული დანაშაული, აანაზღაუროს არარსებული ზიანი და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება". პროკურატურაში კი განმარტეს, რომ მიქაუტაძე ბრალს არ აღიარებს და ასეთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება.
სასამართლომ მიქაუტაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
რას ედავებიან მიქაუტაძეს
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება 2025 წლის 21 ივნისს წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიქაუტაძე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2021 წელს მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4.400.000 დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400.000 აშშ დოლარი.
მიქაუტაძის ოჯახმა ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599.955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.
ამას გარდა, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, მიქაუტაძეს შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842.592 ლარს შეადგენს.
სუს-ის ცნობით, მიქაუტაძემ ეს ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ამ მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2.556.192 ლარის უკანონო ლეგალიზაცია მოახდინა.
მიქაუტაძე 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2021 – 2022 ის წლებში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე იყო.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: "ვარციხე ჰესების კასკადი", "ზაჰესი", "ხრამხჰესი", "ჩხოროწუჰესი" და სხვა.
გასულ წელს ოპოზიციურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მედიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა. მაშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა.