რა არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანა: ირაკლი კობახიძის განმარტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრემიერმა განმარტა, დღეს საგარეო გაყიდვები 4,5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ის არის, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა.
"სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, დარგის მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა.
"ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი – 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს", - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია. მთავრობის მიზანია, დაეხმაროს სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით.
"სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა.", -აღნიშნა კობახიძემ.
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა და მასში მონაწილოება როგორც ხელისუფლების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.