ხაშურში მამაკაცმა სამშენებლო დანადგარი მოიპარა

ე.წ. დრაბილკის ქურდობის საქმეზე დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ ძვირადღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 44 წლის მამაკაცმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ერთ-ერთი კომპანიის ბალანსზე არსებულ ვულკანური წიდის (პემზის) საფქვავი დანადგარი მოიპარა. შედეგად, კომპანიას 115.000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.
პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ძვირადღირებული დანადგარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.