ცივი იარაღის ტარება აკრძალულია: რამდენი ადამიანი დაისაჯა

დაჯარიმებულთა ძირითადი ასაკი 18-დან 40 წლამდეა.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს პოლიციამ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 17 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ცივი იარაღის ტარებისთვის 3,8 ათასი ადამიანი დააჯარიმა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
კანონი ასევე ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით, ასევე იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია, თუ ეს „არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დარღვევის საფრთხეს ქმნის“.
ჯარიმა 500 ლარია. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
აღნიშნულ პერიოდში დანის ტარებისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისმა (2,1 ათასი) გამოიწერა. შემდეგ მოდიან აჭარის (354) და ქვემო ქართლის (305) რეგიონები.
დაჯარიმებულთა ძირითადი ასაკი 18-დან 40 წლამდეა. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში დანის ტარებისთვის 96 არასრულწლოვანი დაჯარიმდა.
საქართველოში ცივი იარაღის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ზრდასრულ პირებს, რომლებიც შეძენის დროს წარადგენენ პასპორტს და ცნობას ნასამართლობის არარსებობის შესახებ. პირი, რომელიც ასეთ იარაღს შეიძენს, ავტომატურად ხვდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში.
ამასთან, შესაძლებელია იმ ტიპის ცივი იარაღის შეძენა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება.