საქართველოში ზოოსასტუმროებისა და ზოომაღზიებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

ახალი წესების თანახმად, ზოომაღაზიებმა ცხოველების რეალიზაციის შემთხვევაში უნდა გაიარონ სპეციალური რეგისტრაცია ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში
Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ახალი რეგულაციები დაუწესოს დაწესებულებებს, რომლებიც ემსახურებიან შინაური ცხოველების პატრონებს - ეს ეხება შინაური ცხოველების სასტუმროებს, ზოომაღაზიებს და გრუმინგ სალონებს.
სიახლე უკავშირდება შინაური ცხოველების პატრონებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებას, რომლებიც 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
2026 წლის ივლისიდან საქართველოში შინაური ცხოველების პატრონებს მოეთხოვებათ თავიანთი შინაური ცხოველების რეგისტრაცია. რეგისტრაციის მონაცემები მოიცავს ცხოველის ჯიშს, სქესს, დაბადების თარიღს, აღწერას, ფერს, მიკროჩიპის ნომერს, მონაცემებს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ. მონაცემთა ბაზები ასევე შეიცავს ინფორმაციას შინაური ცხოველის პატრონის შესახებ, მათ შორის მის პირად საიდენტიფიკაციო ნომერს, ტელეფონის ნომერს, მისამართს, სახელსა და გვარს.
ახალი რეგულაციების თანახმად, ზოომაღაზიებმა ცხოველების რეალიზაციის შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში და დაიცვან ცხოველთა მოვლა-პატრონობის კონკრეტული წესები, შეამოწმონ და დაარეგისტრირონ თავად ცხოველები, ასევე აწარმოონ მათ მიერ გაყიდული ცხოველების აღრიცხვა. გარდა ამისა, საქართველოში აიკრძალება ორ თვემდე ასაკის ლეკვების და ოთხ თვემდე ასაკის კნუტების გაყიდვა.
გრუმინგ-სალონებს მოეთხოვებათ ცხოველის რეგისტრაციის გადამოწმება თითოეული ვიზიტისას და ცხოველის მონაცემები და მკურნალობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ჟურნალებში აღრიცხონ. მათ ასევე მოეთხოვებათ სალონებში ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რომლებიც აღკვეთს ინფექციური დაავადებების გავრცელებას. სალონებს ასევე ეკრძალებათ ვეტერინარული მომსახურების, ვაქცინაციის ან კბილების წმენდის ჩატარება.
შინაური ცხოველების სასტუმროებს ასევე მოეთხოვებათ ცხოველის რეგისტრაციის გადამოწმება მიღებისას და სახელმწიფოს მიერ დადგენილი ცხოველთა მოვლა-პატრონობის რეგულაციების დაცვა, მათ შორის სასეირნო ზონის, წყალმომარაგების სისტემის და სანიტარული სტანდარტების უზრუნველყოფის ჩათვლით.
მრავალბინიან კორპუსებში შინაური ცხოველების სასტუმროს ფუნქციონირება დაშვებულია მაცხოვრებლების უმრავლესობის თანხმობით და იქ 15-ზე მეტი ცხოველის განთავსება დაუშვებელია.
სანქციები
ცხოველთა რეგისტრაციის რეგულაციების დარღვევა 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.
ვაქცინაციის რეგულაციების დარღვევა, კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის არჩატარება, 500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება, ხოლო ცხოველის სტერილიზაციაზე უარის თქმა 1500 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს.
ცხოველის სტერილიზაციისთვის, ვაქცინაციისთვის ან ცხოველის დაკვირვებისთვის გადაყვანაზე უარის თქმა 500 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს.
გარდა ამისა, შინაური ცხოველების სპეციალური ნებართვის გარეშე მოშენება 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.