კახეთში კაცს პირადი კადრები გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა: დაკავებულია 2 ქალი

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ლაგოდეხში თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19-20 წლის ქალებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში 32 წლის მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.