თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zefyros-ზე, რომელიც ერაყის ტერიტორიულ წყლებში ირანმა დაბომბა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი 12 მარტის ღამეს გაჩნდა - მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა და ამ გემზე ჯამში 23 ქართველი მეზღვაური იყო.
მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, ქართველები უკვე სხვა ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.
მეზღვაურების განცხადებით, ტანკერებთან ნავებით მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებების გარდა, რომლებიც სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. საპასუხოდ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.