თბილისი, 11 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 51 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე.
ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.