თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი სახოკიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულსა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქართველოში ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.
ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის დელეგაცია ასევე ეწვევა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს, სადაც დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნობიან მათ სამუშაო სპეციფიკას.