თბილისი, 11 მარტი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის "მაწიმის" დასაცავ მონაკვეთზე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 40 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობასა და პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, წინააღმდეგობა გაუწია მათ, თავს დაესხა ერთ-ერთ თანამშრომელს და სხეულის დაზიანება მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,344-ე და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.