თბილისი, 11 მარტი - Sputnik. კიევის რეჟიმის მიერ ბრიანსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მიზანი სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციაა, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს სარაკეტო თავდასხმა ბრიტანული შეიარაღებით განხორციელდა, და ეს სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც, უკრაინის კრიზისის დარეგულირების კუთხით, რუსეთი-აშშ-უკრაინის სამმხრივი პოლიტიკურ-დიპლომატიური ძალისხმევები აქტიურ ფაზაშია.
„ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების მიზანი აშკარაა: მასშტაბური პროვოკაციით, რომელსაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვება, ჩაშალონ სამშვიდობო პროცესი და გამოიწვიონ საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია. ეს ტაქტიკა ახალი არ არის და კიევის რეჟიმის სპონსორების მიერ ყოველთვის გამოიყენება, როდესაც მოგვარების რეალური პერსპექტივა ჩნდება“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ თავდასხმის მომენტი შემთხვევით არ დაემთხვა ვაშინგტონიდან მიღებულ სიგნალებს, სადაც გამოითქმება იმედი, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში „გარდამტეხი მომენტი დადგა“ და მშვიდობის მიღწევა სავსებით რეალურია“.
ცნობისათვის: 2026 წლის 10-11 მარტს რუსეთის ქალაქ ბრიანსკზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. რუსული მხარის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 37 მშვიდობიანი მოქალაქე. მოსკოვი აცხადებს, რომ იერიში დასავლური (კერძოდ, ბრიტანული) სარაკეტო სისტემებით განხორციელდა.
თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ბრიანსკში სამხედრო ობიექტზე, კერძოდ, მნიშვნელოვან სამხედრო ქარხანაზე დარტყმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინციდენტს „ტერორისტულ აქტად“ აფასებს და აცხადებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, ჩაშლილიყო აშშ-ის შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ტალღა.