თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში შემავალი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღების გამო მწუხარება გამოთქვეს. მათი შეფასებით, ახალი რეგულაციები „სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია“.
„ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და ხელყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას და დამატებით ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, კერძოდ დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "ამ ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლიდან განხორციელებულმა კურსმა მიიყვანა მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივ შეჩერებამდე, როგორც ეს განმარტებულია ევროპული საბჭოს 2024 წლის დასკვნებით და დადასტურებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაასტურეს მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც, აღნიშნულია განცხადებაში, შეუპოვრად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის სასარგებლოდ.
მიღებული კანონის კრიტიკით ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსიც გამოვიდა.
"დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ ჩვენს კონტინენტზე. გაფართოება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს“, - განაცხადა კოსმა.
მისი თქმით, საქართველოში მიღებულია ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს.
რისთვის აკრიტიკებენ
4 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში „გრანტების შესახებ“, რომლითაც გამკაცრდა უცხოური დაფინანსების მიღების წესები. ცვლილებები ძალაში შევიდა 2026 წლის 5 მარტს.
ახალი რეგულაციების თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.
ეს ეხება საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), ფინანსური ინსტიტუტის, უცხოური მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის ან ბიზნეს გრანტებს.
2026 წლის მარტიდან გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.
გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი სახსრები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ არის გადაცემული ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
გრანტად მიიჩნევა ასევე ზემოაღნიშული საქმიანობისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ასევე უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება იმავე ფორმებით.
უკანონო გრანტის მიღებისთვის ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით თანხას შეადგენს.