ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
27 და 28 წლის ქალს და კაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: "კოკაინი", "გამომშრალი მარიხუანა", "მეტამფეტამინი", "ლირიკა" და "პრეგაბალინი". პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.