თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში მხოლოდ ტურიზმის სექტორზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, განაცხადეს საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსებმა.
თებერვლის ბოლოს დაწყებულმა ირანთან ომმა ენერგომატარებლების (ნავთობის, ბენზინის, დიზელის და გაზის) ფასების ზრდა გამოიწვია, რისი მიზეზიც გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. მომხმარებლებისა და ენერგოინტენსიური დარგებისთვის ფასების ზრდა ასევე ზეწოლას ახდენს ეკონომიკაზე.
ანალიტიკოსების განცხადებით, საქართველოს კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მცირეა, თუმცა, დივერსიფიცირებულია ტურიზმსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში.
„2025 წელს ყურის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი მოცულობის 4,5%-ს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4,2%-ს შეადგენდა. ეს ნაკადები მთლიან ეკონომიკასთან შეფარდებით მცირეა (მშპ-ის 1,1%), თუმცა მოკლევადიან პერიოდში ტურიზმი ყველაზე მოწყვლად სფეროდ რჩება", - ნათქვამია კვლევაში.
ექსპერტების განმარტებით, 2025 წელს ირანიდან, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან განხორციელებულმა ჯამურმა იმპორტმა მთლიანი იმპორტის დაახლოებით 4% შეადგინა, რაც ძირითადად ტელეფონებს, სამშენებლო მასალებსა და სხვა სახის პროდუქციას მოიცავდა.
„აღნიშნული საქონლის ჩანაცვლება სხვა მიმწოდებლებით (მაგალითად თურქეთი და ჩინეთი) შესაძლებელია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ამ ქვეყნებიდან იმპორტის შეფერხება ეკონომიკურ აქტივობაზე აისახოს", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი აზრით, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან, ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მიუთითებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირდაპირი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იქნება, თუ კონფლიქტი მოკლე დროში დასრულდება.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.