"თბილსერვის ჯგუფმა" ახალი სპეცტექნიკა შეიძინა

"თბილსერვის ჯგუფის" განახლებული ტექნიკა თბილისის მერმა დაათვალიერა
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. "თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ახალი ტექნიკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორ გიორგი პაპავასთან ერთად დაათვალიერა.
"თბილსერვის ჯგუფმა" 22 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. გარდა ამისა, წელს ველოდებით 40 ერთეულ ტექნიკას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს აღნიშნული სამსახურის გამართულ მუშაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას", - განაცხადა თბილისის მერმა.
სპეცტექნიკის შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში MAN-ისა და RENAULT-ის მარკის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა (ე.წ. ჰუკლიპტი) შემოვიდა.
"აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, "თბილსერვის ჯგუფს" 40%-ზე მეტი განახლებული ტექნიკა ექნება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი იყოს სუფთა და ყველანაირად მოწესრიგებული", – განაცხადა კახა კალაძემ.
ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება 8.628.673 ლარია, მომწოდებელი კომპანიები კი შპს "ჯითი გრუპი" და შპს "თეგეტა მოტორსია".
"თბილსერვის ჯგუფი" მიმდინარე წელსაც შეისყიდის ნაგავმზიდ მანქანებს და ასევე, სხვა მიმართულების ტექნიკას. შესაბამისი ტენდერები გამოცხადებულია და მანქანები დედაქალაქს სხვადასხვა პერიოდში მიეწოდება.
დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი და შესაბამისი სერვისები.