თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მიღებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება ახალი - 316-ე პრიმა მუხლი სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს:
საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სისტემატურად, საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, თუკი ეს მოწოდებები მიმართულია:
საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;
ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა;
ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ასეთი ქმედებისთვის სასჯელის ზომად გათვლისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.