თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსებმა საქართველოში 2026 წელს ფასების ზრდის პროგნოზი 3%-ზე, ხოლო ეკონომიკური ზრდის- 6%-ზე შეინარჩუნეს.
2026 წლის იანვარში საქართველოში წლიური ინფლაცია, წინა თვეში დაფიქსირებული 4%-დან 4,8%-მდე გაიზარდა (3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში), რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9% შეადგინა.
„ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის დინამიკის შესუსტება მომდევნო თვეებში შექმნის შესაძლებლობას პოლიტიკის თანდათანობითი ნორმალიზაციისთვის, კუმულაციური კლებით 2026 წლის განმავლობაში 50 საბაზისო პუნქტით 7,5%-მდე“, - ნათქვამია პროგნოზში.
ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-იან ნიშნულამდე შენელდება, ხოლო წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს.
პროგნოზი 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს ეფუძნება და არ მოიცავს ეკონომიკის იმ რისკებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიტუაციის გამწვავების შედეგად წარმოიქმნა. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ნავთობის ფასები დაახლოებით 9%-ით გაიზარდა, ვინაიდან გლობალური მოხმარების დაახლოებით 20% ჰორმუზის სრუტეზე გადის.
მსოფლიო ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ფასების 10%-ით ზრდამ, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 0,1-0,2 პროცენტული პუნქტით შეანელოს, გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევამ კი შეიძლება ინფლაციური ზეწოლა მთელ მსოფლიოში გაზარდოს.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 5%-ის დონეზე პროგნოზირებს.
5-5,5%-იან პროგნოზს ემხრობა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%.