აბუ-დაბიში ჩარჩენილი თბილისის მერი საქართველოში სტამბულის გავლით დაბრუნდება

კალაძის განცხადებით, იგი აბუ-დაბიდან ერ-რიადში, იქიდან კი სტამბულში ჩაფრინდა
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო აბუ-დაბიში ოჯახთან ერთად ჩარჩა, სტამბულში იმყოფება და საქართველოში მალე ჩამოვა.
კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თებერვლის ბოლოს გაემგზავრა. მედიის ინფორმაციით, ვიზიტი მის დაბადების დღეს უკავშირდებოდა — 27 თებერვალს პოლიტიკოსს 48 წელი შეუსრულდა. რეგიონში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, მერმა, სხვა ტურისტების მსგავსად, ქვეყნიდან დროულად გამომგზავრება ვერ შეძლო.
„გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეო, რადგან ბევრს აინტერესებს, როგორ ვარ, სად ვიმყოფები და როდის დავბრუნდები თბილისში. ახლა სტამბულის აეროპორტში ვარ მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად და თბილისში ვბრუნდებით“, — განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე განმარტა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მასკატიდან და ერ-რიადიდან:
„ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. ვიცი, რომ ჩვენი ბევრი თანამემამულე იმყოფებოდა დუბაისა და აბუ-დაბიში. საქართველოს მთავრობამ მათთვის ჩარტერული რეისები დააორგანიზა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. მათ, ვისაც დაბრუნება სურთ, უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, — აღნიშნა მერმა.
კახა კალაძე თბილისში ერ-რიადიდან, სტამბულის გავლით ბრუნდება.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ. საპასუხოდ, ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიასა და ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მ და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის თეირანში, ობიექტებზე იერიშების სერია მიიტანეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. საპასუხოდ, ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიასა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.