თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩში დანიის გუნდს ანგარიშით 89:60 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
აღნიშნული მოგებით საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური - ოთხგუნდიანი A (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) ჯგუფიდან ესპანეთი, უკრაინა და საქართველო გავიდა.
ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.
ბოლო ორი ტური კი ივლისის დასაწყისში გაიმართება და სწორედ მაშინ გადაწყდება საქართველო მესამე ადგილზე იქნება თუ უფრო მაღალი პოზიციით გადავა მომდევნო ეტაპზე.
ეროვნული ნაკრები ივლისში ესპანეთს უმასპინძლებს, უკრაინასთან კი გასვლით მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს NBA-ელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაემატებიან.
მეორე ჯგუფური ეტაპი აგვისტოში დაიწყება – A და B ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გავა.