თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შემთხვევა 3 მარტის გვიან ღამით მოხდა - ცეცხლი სატვირთო ლიფტის შახტს გაუჩნდა.
„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად ხანძარი დროულად ლოკალიზდა და ლიკვიდირდა, ამიტომ ცეცხლი შენობის სხვა ნაწილში არ გავრცელებულა", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
„ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხანძარი გარე ფასადზე არსებულ შახტში გაჩნდა და საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა.
„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.