თბილისი, 2 მარტი — Sputnik. 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლს ახორციელებდა, უქმდება და მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა - მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას.
უწყებამ ფუნქციონირება 2023 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო - ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იყო. იგი ზედამხედველობას უწევდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ასევე შეიქმნა უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებდა წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემდა რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის. უწყება ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ანტიკორუფციულ ბიუროს დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
გარდა ამისა, დღეიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომლის ფუნქციებიც ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის მარტში შეიქმნა და ის ზედამხედველობას უწევდა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის იანვრიდან სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაცია დაიწყო, გააუქმა რიგი სააგენტოები, რომლებიც მინისტრების დაქვემდებარებაში იყვნენ და ისინი უფრო დიდ სტრუქტურებს შეუერთა. ცვლილებები ყველაზე მეტად განათლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეხო.