თბილისი, 1 მარტი — Sputnik. UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩეპიონი მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელ ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება.
სეჰუდოსა და დვალიშვილის ჭიდაობის შეხვედრა 18 აპრილს RAF08-ის ფარგლებში შედგება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.
ქართველი მებრძოლი ამერიკელს UFC-ში ერთხელ უკვე შეხვდა და 2024 წლის თებერვალში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
დღეს, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გივი მაჭარაშვილმა RAF-ში პირველი შეხვედრა გამართა და ამერიკელთა ვარსკვლავი სტივენ ბიუქენენი დაამარცხა.
რაც შეეხება ხინჩეგაშვილს, იგი 28 მარტს ბო ბასეტის დაუპირისპირდება.