წაქცეულია ხეები, ელექტროგადამცემი ანძები: უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ხეების ქვეშ გადაადგილებისგან
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, იუწყება თბილისის მერია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. კერძოდ, წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე.
„განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასობრივი წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტის სადენები, პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაობენ დაზიანების აღმოფხვრაზე.
მერიის ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.
მერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და ოპერატიული მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადეს.
თბილისში უხვი ნალექი მოვიდა. მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.