შანტაჟი, ფარული კამერები და ინტიმური ფოტოები: პროკურატურამ 12 პირს ბრალი წაუყენა

სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის ფიგურანტებიდან ერთ-ერთს ბრალი ედება სექსუალური აქტის ჩადენის იძულების შვიდ ეპიზოდში, პირადი ინფორმაციის გავრცელების მუქარის გამოყენებით. მონაცემები მოპოვებულია ინტერნეტ-აპლიკაციების გამოყენებით. ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფება.
4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულია 6 პირი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს და გაავრცელეს დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულმა ორმა პირმა ფარულად ჩაიწერეს და შეინახეს დაზარალებულის პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ისნი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
გარდა ამისა, საქმის 3-მა ფიგურანტმა მცირეწლოვანი ბავშვის აქსესუარში (ჩაფხუტში) დაამონტაჟეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვს, კერძო საუბრების ჩაწერის მიზნით გაატანეს დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.