ჰერჩინსკი: ყულევის პორტთან დაკავშირებით საქართველოსგან დეტალური ინფორმაცია მივიღეთ

როგორც ელჩმა აღნიშნა, მოცემულ მომენტში მას არ შეუძლია იმის თქმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული მტკიცებულებები საკმარისი იქნება თუ არა იმისთვის, რომ ყულევის პორტზე სანქციების დაწესება არ მოხდეს.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისგან ყულევის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, ასევე გვარწმუნებენ, რომ იგი არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ყულევის პორტთან დაკავშირებით.
თებერვლის დასაწყისში ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში მდებარე ყულევის პორტთან მიმართებით შესაძლო შეზღუდვების დაწესებას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის.
როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქართულმა მხარემ ყულევთან დაკავშირებით ევროკომისიას სრული ინფორმაცია მიაწოდა, რომლითაც დასტურდება, რომ ყულევის პორტში სანქციების რეჟიმი არ ირღვევა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით ფაქტები არ არსებობს, ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ სანქციების პაკეტში საქართველო არ მოხდება.
„შემიძლია დავადასტურო, რომ სანქციების მე-20 პაკეტზე დისკუსია გრძელდება. ამ მომენტისთვის ერთსულოვნება მიღწეული არ არის. ასევე შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თუმცა, როგორც ელჩმა აღნიშნა, მოცემულ მომენტში მას არ შეუძლია იმის თქმა, საკმარისი იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული მტკიცებულებები იმისთვის, რომ ყულევის პორტზე სანქციების დაწესება არ მოხდეს.
„მოწოდებული ინფორმაცია და მტკიცება იქნება თუ არა საკმარისი ევროკავშირის წევრი-ქვეყნებისთვის, რათა არ მოხდეს ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურის დასანქცირება, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები მიაღწევენ ერთსულოვნებას სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით მალე. ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
ყულევში ნავთობტერმინალი, რომელიც ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს, ათწლეულებია ფუნქციონირებს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ (SOCAR). ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა. „სოკარმა“ 2026 წელს ყულევის შავი ზღვის ტერმინალში გაფართოების სამუშაოები დააანონსა.