საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია რეზერვები იუანში განათავსოს

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშები გაიხსნა
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინურ იუანში აქტივების ინვესტირების პრაქტიკა განიხილეს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
2026 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.
„CIBM-ზე წვდომის მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო პოლიტიკის განვითარებაში. ის შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მოქნილად და ეფექტიანად ვმართოთ საერთაშორისო რეზერვები, გავაფართოვოთ საინვესტიციო ინსტრუმენტების სპექტრი და გავაძლიეროთ რისკების მართვის ჩარჩო“, - განცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ჩინურ იუანში და ჩინურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დივერსიფიკაციის მიზნით განხორციელდება.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული როგორც ვალუტების, ასევე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. აღნიშნული მიდგომა კონცენტრაციის რისკებს ამცირებს და რეზერვების მდგრად მართვას უზრუნველყობს", - განაცხადა თურნავამ.
შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის, კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, აქტივების მმართველები და ფინანსური ინფრასტრუქტურის მომწოდებლები, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინურ იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირების პრაქტიკა განიხილეს.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო სისტემაში ჩინური იუანის როლის ზრდაზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იუანი სპეციალური ნასესხობის უფლებების (SDR) კალათში აშშ დოლართან, ევროსთან, იაპონურ იენასა და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან ერთად მეხუთე ვალუტად შეიყვანა.
CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას 2025 წლის 23 დეკემბერს ხელი მოეწერა, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.