სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების გეგმა შედგენილია: რა იქნება შემდეგ?

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმება პრიორიტეტული საკითხია.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების სამოქმედო გეგმა განიხილა.
ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე კვირას სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მათი ინფორმაციით, ბოლო წლებში ბევრმა ოჯახმა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმება პრიორიტეტული საკითხია.
„უწყების მთავარი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეკუთვნით ფინანსური მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად ესაჭიროებათ", - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთიანი სამოქმედო გეგმა დასახეს და განიხილეს დეტალები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს პროცესის შეუფერხებელი და ობიექტური წარმართვა.
მონაცემთა ბაზის გადახედვა ეტაპობრივად განხორციელდება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. შემოწმების ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება, ასევე ოჯახის წევრების მიერ ძვირადღირებული ქონების შეძენა.
ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ გადაწყვეტილებაში პარლამენტოს სრული მხარდაჭერა მიიღო.
„სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ იმ ოჯახების, მხოლოდ იმ ადამიანებისკენ უნდა იყოს მიმართული, რომლებიც კრიტიკულად საჭიროებენ ამ დახმარებას. სხვებმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ და არ უნდა გამოიყენონ სახელმწიფოს ეს სახსრები, ფინანსები, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზების გადახედვა განპირობებულია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სიიდან ამოიღონ ის პირები, რომლებსაც ეს სტატუსი ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისთვის მიენიჭათ. მმართველი პარტია ამ ბრალდებებს უარყოფს .
სოციალური დახმარება საქართველოში
დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, აქედან 410 ათასი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.
შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.
120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ..