თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საქართველოში უცხოელთა მიერ სამუშაო ნებართვის მიღების წესების შესახებ დეტალური ინსტრუქცია გამოაქვეყნა.
ახალი მოთხოვნები გავრცელდება მუდმივი ბინადრობის სტატუსის არმქონე ყველა უცხოელზე, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმება და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელება ქვეყანაში ან დისტანციურად.
ნებართვა ასევე საჭირო იქნება თვითდასაქმებული უცხოელისთვის, თუ იგი საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, უზრუნველყოფს მომსახურებას/არის პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვა ფორმით არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანია ფინანსური სარგებლის მიღება.
„დასაქმების შესახებ“ კანონის თანახმად, თვითდასაქმებულად მიიჩნევა პირი, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას (აწარმოებს, ყიდის საქონელს ან მომსახურებას). ამ კატეგორიაში ასევე შევლენ საქართველოში ინდმეწარმის სტატუსით დარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ამასთან, ქართული კომპანიებში კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებულებს თავად დამსაქმებელი არეგისტრირებს, თვითდასაქმებული უცხოელი კი რეგისტრაციას გადის, რათა კონკრეტული საქმიანობით ან სფეროთი დაკავდეს.
სამუშაო ნებართვა გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით (IT-სთვის - 3 წლამდე) გაგრძელების შესაძლებლობით.
ნებართვა არ დასჭირდებათ შემდეგი კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს:
საქართველოში ლტოლვილის სტატუსის ან დაცული პირის სტატუსის მქონე უცხოელებს;
უცხოელებს, ვინც საქართველოში თავშესაფარს ითხოვს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულოებში, საერთაშორისო ორგანიზაციის ან ორგანოს კანონიერ წარმომადგენლობაში დასაქმებულ პირებს;
საქართველოში კანონიერ საფუძველზე მომუშავე უცხოური მედიასაშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს;
პირებს, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო შეთანხმებით განსაკუთრებული წესით ასაქმებს;
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქინე უცხოელებს.
რა ღირს
სამუშაო ნებართვაზე განაცხადის შეტანისას, აუცილებელი იქნება საფასურის გადახდა, რომელიც დამოკიდებულია განაცხადის დამუშავების დროზე. საფასურის ოდენობა იქნება:
200 ლარი: ჩვეულებრივი განხილვა (30 კალენდარული დღე).
400 ლარი: დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე).
როგორ მოხდება დარეგისტრირება
ქართულ კომპანიებში დასაქმებული უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის გაცემაზე განაცხადს წარადგენს დამსაქმებელი.
ნებართვის მისაღებად პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია: საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები, ინფორმაცია საქმიანობის სფეროს შესახებ, საკონტაქტო მონაცემები და პასუხისმგებელი პირის პირადი მონაცემები.
დამსაქმებელი თანამშრომლის შესახებ წარადგენს შემდეგ ინფორმაციას: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, წარმოშობის ქვეყანა, პასპორტის ფოტოასლი, მონაცემები პასპორტის გამცემი ორგანოს და მისი მოქმედების ვადების შესახებ, ასევე მონაცემები თანამშრომლის განათლების, უნარების, სტაჟის ან სამუშაო გამოცდილების შესახებ.
ამასთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული კონტრაქტის შესახებ, მათ შორის ამ დოკუმენტის ასლი.
თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია
თვითდასაქმებულმა უცხოელებმა სამუშაო ნებართვის მისაღებად უნდა წარადგინონ პირადი მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია წარმომავლობის, პასპორტის გამცემი ორგანოს შესახებ, მონაცემები სამეწარმეო და არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
გარდა ამისა, თვითდასაქმებულმა პირებმა უნდა მიუთითონ თავიანთი განათლება, პროფესია ან კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური უნარების, საქართველოში შრომითი საქმიანობის სფერო, არსი და საქმიანობის ადგილმდებარეობა.
ასევე უნდა წარადგინოს ინდივიდუალური მეწარმის ან კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, წლიური ბრუნვის ან ბიზნეს-გეგმის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება ინვესტიციის მოცულობა, სავარაუდო წლიური ბრუნვა, ასევე საქმიანობის დასაწყებად საჭირო რესურსები და საკუთარი ბიზნესის დასაწყებად გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, თვითდასაქმებულმა უცხოელებმა დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან ვიდეოგასაუბრება უნდა გაიარონ.
სასჯელის ზომა
საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესის დარღვევა ფულადი ჯარიმას დაექვემდებარება.
ნებართვის გარეშე შრომითი მიგრანტის დასაქმება დაექვემდებარება ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (თითოეული შრომითი მიგრანტისთვის).
ჯარიმის სახით ასევე 2 ათასი ლარი დაეკისრებათ თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც სამუშაო მებართვის გარეშე მუშაობენ.
გარდა ამისა, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენაზე უარის თქმა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში ითვალისწინებს 1-დან 7 ათას ლარამდე ჯარიმას.
ნებისმიერი სხვა დამსაქმებელი, მათ შორის პირი, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 1 ათასი ლარით.
თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 ათასი ლარია.
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ სამუშაოს ან საქმიანობის შეცვლა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
მრავალჯერადი დარღვევა დაექვემდებარება ჯარიმას ორმაგი ან სამმაგი ოდენობით.