თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. პარტიებისადმი ჩვენი შეთავაზება ძალიან მარტივია - ყველას მინუს „ქართული ოცნება", კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან თანხმობა მიღწეული გვაქვს, განაცხადა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს.
„ერთიანობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ბრძოლა ფინიშამდე მივიდეს. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან სამოქმედო გეგმაზე თანხმობა გვაქვს. ერთიანობა უბრალოდ ფურცელზე ხელმოწერა არაა, ეს არის სტრატეგია და კონკრეტული გზების დასახვა საბოლოო მიზნის მისაღწევად", - განაცხადა ფარულავამ.
ყოფილ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ერთიანობის გარეშე არცერთ პოლიტიკურ გუნდს ცალკე გამარჯვების მოპოვება არ შეუძლია.
ოპოზიციური პარტიების ერთობის ინიციატორი ამჯერად ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა, რომელმაც საპატიმრო მომდინარე წლის იანვარში დატოვა. კონსულტაციებში მონაწილეობას იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
მიმდინარე კვირაში, ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების საკითხზე დაწყებული კონსულტაციების ფონზე, ოპოზიციურმა პარტია „ლელო ძლიერმა საქართველომ" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს.
როგორც პარტიაში განაცხადეს, ისინი კონკრეტულ ეროვნულ საკითხებზე კოორდინაციისთვის მზად არიან, თუმცა უნდობლობას უცხადებენ გაერთიანებასა და დოკუმენტების ხელმოწერას. ამასთან აღინიშნა, რომ პარია პოზიციონირებას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.
საქართველოში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პერსპექტივები კვლავ აქტუალურია, თუმცა, მმართველი გუნდი აღნიშნულ პროცესს „ხელოვნურს" და „ნულოვანი პერსპექტივის" მქონედ მიიჩნევს. როგორც „ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, მსგავსი ალიანსები დეკლარაციების ხელმოწერის შემდეგ ხშირად იშლება.
ამჟამად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ სრული ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დგანან.
2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვაში მიიღო ამ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი.