ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა: ავტოიმპორტიორები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ

ავტოიმპორტიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადახედონ გადაწყვეტილებას და სექტორთან დამატებითი კონსულტაციები გამართონ, „რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური რისკები“.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილებამ საქართველოში ახალი ვნებათაღელვა გამოიწვია - ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა რუსთავის ავტობაზრობაზე საპროტესტო აქცია გამართეს.
ავტომობილების ექსპორტი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარტო 2026 წლის იანვარში ავტომობილების ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის ერთი მეხუთედი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნიდან ექსპორტზე 100,7 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა.
2025 წელს საქართველომ 3,8 მლრდ დოლარის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განახორციელა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11,5%-ით მეტია.
საქართველოს ხელისუფლება იმპორტის აკრძალვას ქვეყნის ეკოლოგიაზე ზრუნვით ხსნის.
„ავტოპარკი უნდა განახლდეს. წარმოუდგენელია სხვანაირად, იმიტომ, რომ ეს ძალიან მკაცრად ურტყამს ეკოლოგიასაც, ქალაქსაც, ყველას ურტყამს... მესმის, რომ მტკივნეულია, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, თორემ ასე ქვეყანა უკვე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ბეჟან წაქაძემ.
ავტომობილების იმპორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, საქართველოზე და მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმოქმედებს.
კერძოდ, მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ნეგატიურად იმოქმედებს ბაზარზე არსებულ ფასებზე, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები კი ავტომობილის შეძენას ვერ შეძლებენ.
გარდა ამისა, ოპონენტების განცხადებით, პირველ რიგში, რეგიონების მოსახლეობა დაზარალდება, რომელთათვისაც ავტომობილის ყოლა ცენტრთან დაკავშირებას და მრავალ სერვისზე წვდომას ნიშნავს.
ექსპერტების მოსაზრებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს 15 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს და შესაბამისად, ბაზრის შიგნით ძველი ავტომობილების გადაყიდვა მოხდება. შედეგად, საქართველოს ავტოპარკი კიდევ უფრო მოძველდება.
კიდევ ერთ პრობლემად დასახელდა ეკონომიკურ სფეროზე ზეგავლენა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აკრძალვა ნეგატიურად აისახება ავტოიმპორტზე, ლოჯისტიკასა და ავტოსერვისებზე.
„რაც შეეხება შიდა ბაზარსა და რეგულაციების გავლენას: მოსალოდნელია, რომ კომპანიების დაახლოებით 30–40% შეიძლება ბაზრიდან გავიდეს, ხოლო დილერების 50–60% სამუშაო ადგილების შემცირების წინაშე დადგეს", - განაცხადა ავტოიმპორტიორების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ.
მისი თქმით, მიწოდების შემცირება გამოიწვევს ავტომობილების ფასების ზრდას, მათ შორის ამორტიზებული ავტომობილების სეგმენტში. ავტომობილების გაძვირება, თავის მხრივ, გაზრდის ლოჯისტიკის ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს პროდუქციის თვითღირებულებაზე.
ავტოიმპორტიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადახედონ გადაწყვეტილებას და სექტორთან დამატებითი კონსულტაციები გამართონ, „რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური რისკები“.
„ეკონომიკური კუთხით ეს პროცესი გამოიწვევს ინფლაციურ ზეწოლას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით. ხშირად საუბრობენ ბიუჯეტის შესაძლო შევსებაზე, თუმცა რეალურად შემცირებული იმპორტი და ბიზნესის შეკვეცა ბიუჯეტზეც უარყოფითად აისახება", - განაცხადა ნონიაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, ასეთმა აკრძალვამ, შესაძლოა, სურსათის ფასებზეც იქონიოს გავლენა.
„თუ ავტომობილი, მისი სერვისი და ექსპლუატაცია გაძვირდება, გაიზრდება ლოგისტიკური ხარჯიც. ეს კი საბოლოოდ აისახება ყველა პროდუქტზე, დაწყებული პირველადი მოხმარების საქონლით. ასეთ პირობებში რთულია ვიფიქროთ, რომ ფასები შემცირდება", - განაცხადა ნონიაძემ.
თუმცა, ავტოიმპორტიორები ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ ქვეყნის მიერ ავტოჰაბის როლის დაკარგვას მიიჩნევენ.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო დასავლეთიდან შემოსული ავტომობილების ცენტრალური აზიის ბაზრებზე გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ახალი რეალობა ამ მოდელს გამოწვევის წინაშე დააყენებს", - განაცხადა ნონიაძემ.
ბიზნესისთვის არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა საქართველოს ავტოიმპორტიორების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა.
„ბიზნესისთვის ეს იქნება პირდაპირი შოკი და ჩვეულებრივი კატასტროფა. გასაგებია, რომ რეექსპორტზე გაყვანა ამ წლოვანების (6 წელზე მეტი) ავტომობილების შეგვიძლია, მაგალითად, 2018-2019 წლიანების, თუმცა ამ შემთხვევაში რა მოხდება, ავტოიმპორტიორები როგორ იმოქმედებენ და როგორ მოიქცევიან? ავტოიმპორტიორებისთვის ერთადერთი დაზღვევა, თუ ავტომობილი რეექსპორტზე არ იყო გაგზავნილი და არ გაიყიდა საზღვარგარეთ, იყო ის, რომ საქართველოში განაბაჟებდა და ადგილობრივ ბაზარზე გაცილებით დაბალ ფასად მიჰყიდდა საქართველოს მოქალაქეს. ახლა კი ეს შეუძლებელი იქნება, რაც რეექსპორტზეც ნეგატიურად აისახება", - განაცხადა დარბაისელმა.
რა იქნება შემდეგ
ამჟამად ავტოიმპორტიორები და ავტოდილერები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა იმსჯელონ არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე.
ერთ-ერთი წინადადება იმპორტირებული ავტომობილების ასაკობრივი ზღვრის 10 წლამდე გაზრდას გულისხმობს. საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა, რაც ავტოპარკის განახლებას ისახავს მიზნად.