თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 19 თებერვლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის კონკრეტულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში სამშენებლო საქმიანობა იზღუდება.
მთავრობის შესაბამისი
დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე 13 თებერვალს გამოქვეყნდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთებზე, გზის მახლობლად განხორციელებული სამშენებლო ან სხვა სახის საქმიანობა ქმნის რეალურ საფრთხეს როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, ისე თავად ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის. გზისპირა ზონაში დაუკითხავი საქმიანობის შეზღუდვა კი უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას:
„ახალი რეგულაცია წარმოადგენს სისტემურ ნაბიჯს თანამედროვე ინფრასტრუქტურული მართვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ემსახურება როგორც საგზაო უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო მაგისტრალების თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, საქართველოს მთავრობით განსაზღვრულ გზისპირა ზონებში სივრცული მოქმედების რადიუსი იქნება 200 მეტრით გზის ღერძიდან ორივე მხარეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში მოექცევა, ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება დასაშვები იქნება მხოლოდ გზების მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე - რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია.
დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში გზების მფლობელებთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობა შეიზღუდება გზის შემდეგ მონაკვეთებზე:
სამშენებლო საქმიანობა გზის შემდეგ მონაკვეთებზე შეიზღუდება:
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ინდექსი და დასახელება | საავტომობილო გზის მონაკვეთი | საქმიანობა |
(ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) | საავტომობილო გზის კმ16+000 - კმ248+000 (თბილისის გასასვლელი - სამტრედიის კვანძი) მონაკვეთი | სამშენებლო საქმიანობა |
(ს-2) სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) | საავტომობილო გზის კმ48+000 - კმ122+900 (წყალწმინდის კვანძი - სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი) მონაკვეთი | სამშენებლო საქმიანობა |
(ს-4) თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) | საავტომობილო გზის კმ12+800 - კმ57+000 მონაკვეთი | სამშენებლო საქმიანობა |
(ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) | საავტომობილო გზის კმ19+500 - კმ162+800 მონაკვეთი | სამშენებლო საქმიანობა |
(ს-7) მარნეული (კოსტავას ქუჩიდან)- სადახლო (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) | საავტომობილო გზის კმ18+000 - კმ34+000 მონაკვეთი | სამშენებლო საქმიანობა |
(ს-9) თბილისის შემოსავლელი | საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ49+000 მონაკვეთი | სამშენებლო საქმიანობა |
(ს-12) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი | საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ56+200 მონაკვეთი | სამშენებლო საქმიანობა |
ახალი რეგულაცია „საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მომზადდა.